Connect with us

საკითხავი

შეიძლება თუ არა კატის და ნაძვის ხის მშვიდობიანი თანაარსებობის ორგანიზება

საახალწლოდ ინტერიერის მორთვის, განსაკუთრებით ნაძვის ხის დადგმისას დიდი სიფრთხილი გამოიჩინეთ, თუ სახლში ცნობისმოყვარე კატას ზრდით. დიდია ალბათობა, რომ ნაძვის ხე დაიშლება, ფერადი სათამაშო დაიმსხვრევა ან კატა დაშავდება. Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორი ნაძვის ხე შეარჩიოთ, სად დადგათ და როგორ მორთოთ, რომ ფუმფულა ცხოველი არ დაშავდეს და ნაძვის ხეც კატის თავდასხმისგან დაიცვათ. ასე საახალწლო განწყობას ვერაფერი გაგიფუჭებთ.

პირველ რიგში, კატისთვის უსიამოვნო მძაფრი სუნი გამოიყენეთ, რომელიც ნაძვის ხისგან დააფრთხობს. გირჩევთ საახალწლო ატმოსფეროსთვის შესაფერისი სუნი შეარჩიოთ, რომელიც ოჯახის წევრებს ესიამოვნებათ. მაგალითად, ციტრუსის, ლავანდის ეთერზეთის რამდენიმე წვეთი წყალში გააზავეთ და ნაძვის ხეს, სათამაშოებს და მის მიმდებარე ტერიტორიას შეაფრქვიეთ. ეს საკმარისი უნდა იყოს, რომ კატა ნაძვის ხეს არ მიუახლოვდეს.

უსაფრთხო ნაძვის ხე კატისთვის

ხელოვნური ნაძვის ხე საუკეთესო არჩევანია, რადგან შინაური ცხოველი მის მიმართ ნაკლებ ინტერესს იჩენს. თან წიწვები არ სცვივა, რომელიც კატამ შეიძლება გადაყლაპოს.

თუ ზომებზე ვსაუბრობთ, სჯობს პატარა ნაძვის ხეს უპირატესობა მიანიჭოთ, რომელიც დავარდნის შემთხვევაშიც კატას დიდ ზიანს ვერ მიაყენებს. და მაინც, საიმედოდ დააფიქსირეთ, რომ არ დავარდეს.

ოთახის კუთხე ნაძვის ხის დასადგამად საუკეთესო ადგილია. კატისთვის უინტერესო მასალებით, მაგალითად, ქვით ან კერამზიტით სადგამი გაამყარეთ. ნაძვის ხე თაროების და სხვა ნივთების გვერდით არ მოათავსოთ. ასე შეიძლება კატა თაროებზე ავიდეს და სათამაშოებს მიწვდეს. მაღალ ადგილზეც არ მოათავსოთ, ასე კატის დახმარებით ან თავისით შეიძლება დავარდეს. შეგიძლიათ დამატებითი ფიქსაციისთვის შეკრათ.

ნაძვის ხის სათამაშოები

გასაფორმებელი აქსესუარებიც მნიშვნელოვანია. კატას გლუვი სათამაშოები და ასევე ნაკლებად მოძრავი სათამაშოები არ აინტერესებს, ამიტომ საუკეთესო არჩევანია. სათამაშოები ნაძვის ხეზე მაღლა დაკიდეთ, რომ კატა ვერ მიწვდეს. მინის ნაცვლად პლასტმასის სათამაშოები გამოიყენეთ, რომელიც დავარდნისას არ დაიმსხვრევა და კატას ზიანს არ მიაყენებს.

„წვიმებიც“ დაივიწყეთ, თუ სახლში ფუმფულა ცხოველი ცხოვრობს. კატა მის მიმართ ინტერესს ვერ დამალავს. ასეთი წვიმის დაღეჭვა ან გადაყლაპვა უსიამოვნო შედეგს გამოიწვევს. გირლანდის გამოყენებისას დარწმუნდით, რომ სადენები დაზიანებული არაა და საიმედოდ იზოლირებულია.

რა თქმა უნდა, აღზრდასაც დრო უნდა დაუთმოთ. ცხოველს, რომელიც ნაძვის ხის მიმართ ინტერესს არ კარგავს, უნდა აუხსნათ, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება. თითოეულ მეპატრონეს ახსნის საკუთარი წესი აქვს. ზოგიერთი კატა მეპატრონის ხმის ოდნავ აწევაზე ყველაფერს ხვდება, სხვა კატა მკვეთრ ხმებზე (მაგალითად, ტაში) რეაგირებს. ზოგიერთი მეპატრონე პულვერიზატორს იყენებს, რაც ჩვენი აზრით საეჭვო მეთოდია, რადგან კატას ხალხთან ურთიერთობას დიდი ხნით აფუჭებს.

სპეციალისტები გირჩევენ, რომ თუ ნაძვის ხე დავარდა, კატას მასთან თამაში არ დაუშალოთ. ასე გაერთობა და მალე ხის მიმართ ინტერესს დაკარგავს. შემდეგ უკვე აღარ გაეკარება და თქვენც ნაძვის ხის თავიდან აწყობას მშვიდად შეძლებთ.

Advertisement