Connect with us

ჯანმრთელობა

ფეხის ტკივილი: 9 მიზეზი და მათი აღმოფხვრის ყველაზე ეფექტური მეთოდები

„თუ სამედიცინო სახელმძღვანელოებს გადახედავთ, სადაც სხვადასხვა დაავადების შესახებ განმარტებები წერია, აღმოაჩენთ, რომ ბევრმა მდგომარეობამ შეიძლება ფეხის მავნე ცვლილებები, მათ შორის ტკივილი, გამოიწვიოს“ – ამბობს ორთოპედი პოლ ბჯეზინსკი.

თუ თქვენი ფარისებრი ჯირკვალი, რომელიც მნიშვნელოვან ჰორმონებს აწარმოებს, სათანადოდ არ მუშაობს, ნერვებთან დაკავშირებულ პრობლემები შეიძლება ფეხებში იგრძნოთ.

მისი თქმით, თუ ზურგის ქვედა ნაწილის დეგენერაციული ცვლილებები გაქვთ, ზურგის ტვინში გამავალი ნერვები შეიძლება გაღიზიანდეს და ფეხის ჯანმრთელობაზე გავლენა მოახდინოს.

აი, 9 გავრცელებული მდგომარეობა, რომელმაც შეიძლება ფეხებსა და ტერფებში არაჯანსაღი ტკივილი გამოიწვიოს.

1. ტერფის მოტეხილობა

დიაგნოზის დასმა რენტგენული სურათის გადაღებით ხდება. თუ მოტეხილობა გაქვთ გიფსის გაკეთება მოგიწევთ. D ვიტამინი, C ვიტამინი და კალციუმი ძვლების აღსადგენად და სწრაფად შესახორცებლად აუცილებელია.

ძვლების ჯანმრთელობისთვის ადეკვატური ჰორმონალური დონე ასევე აუცილებელია. თუ ქალი ხართ, ესტროგენის დონე შეამოწმეთ. თუ კაცი ხართ, დარწმუნდით რომ ტესტოსტერონი ნორმაშია.

2. ტენდონიტი

ჩვენ ერთ ფეხზე 31 მყესი გვაქვს. თუ ერთ-ერთ მათგანზე ანთებითი პროცესია, ამან შეიძლება ტკივილი გამოიწვიოს. როგორც სხეულის ნებისმიერ ნაწილზე ანთება დაზიანებული სტრუქტურის აღსადგენად არის შექმნილი. თუმცა არაადეკვატურმა ან ქრონიკულმა ანთებამ შეიძლება უფრო მეტი ზიანი მოგაყენოთ, ვიდრე სარგებელი.

თუ ასეთი პრობლემა გაქვთ, რაც შეიძლება ხშირად დაისვენეთ და ახალი ყელიანი ფეხსაცმელი შეიძინეთ. მოერიდეთ პროდუქტებს, რომლებმაც შეიძლება ანთება გამოიწვიონ. განსაკუთრებით გაჯერებულ და ტრანს-ცხიმებს მოერიდეთ. სასარგებლო ცხიმების რაოდენობა გაზარდეთ, მაგალითად ომეგა 3-ით მდიდარი თევზის ქონი. კურკუმა ძლიერი ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა, რომელიც სჯობს ყოველდღე მოიხმაროთ.

3. პლანტარული ფასციიტი და ქუსლის დეზი

პლანტარული ფასციიტის დროს ძლიერი ტკივილის გასაკონტროლებლად სტეროიდების ინექციას ხშირად იყენებენ. სტეროიდების ინექცია ტკივილს მნიშვნელოვნად ამცირებს და ქსოვილებს ფაქტიურად ასუსტებს. შედეგად, ხანგრძლივი მკურნალობისთვის პროცედურის განმეორება დაგჭირდებათ.

თრომბოციტებით მდიდარი პლაზმა (PRP) ისეთივე ეფექტურია, როგორც სტეროიდების ინექცია. სიმპტომების შესამცირებლად ინექციიდან 3 და 6 თვის შემდეგ გაიკეთეთ. სტეროიდებისგან განსხვავებით მისი ეფექტი დროთა განმავლობაში არ მცირდება.

ასევე გაჭიმვების ვარჯიში 1 წლით პლანტარული ფასციიტის სიმპტომებს აუმჯობესებს.

ფეხსაცმელი შეცვალეთ, მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე უარი თქვით და კომფორტული ფეხსაცმელი აირჩიეთ.

4. მორტონის ნეირომა

შეგრძნება, რომ თქვენს ფეხსაცმელში მე-3 და მე-4 თითებს შორის ქვა არის, ფეხის თითებში მიმავალი ერთ-ერთი ნერვის ირგვლივ ქსოვილის გასქელებით არის გამოწვეული. ეს ცნობილია როგორც მორტონის ნეირომა და ტერფის წინა ნაწილის მწვავე ტკივილი შეიძლება გამოიწვიოს.

ამ მდგომარეობას ფეხის ძლიერი ტკივილი მოაქვს. ჩვეულებრივ ქირურგიული გზით იკურნება, თუმცა მანუალურმა ან ფიზიკური თერაპიამ შეიძლება ამის აუცილებლობა გამორიცხოს.

5. ართრიტით გამოწვეული ფეხის ტკივილი

რევმატოიდული ართრიტი ვითარდება, როცა დაავადებისგან დამცავი ბუნებრივი სისტემა ირთვება. იმუნური სისტემა შეცდომით სახსრებს უტევს, რითაც შეშუპებას და ტკივილს იწვევს.

რევმატოიდული ართრიტის სიმპტომები ფეხის ძლიერ ტკივილსაც მოიცავს, როცა დაავადება ტერფებსაც აზიანებს. ტკივილი ჩვეულებრივ ფეხის თითებში იწყება, შემდეგ კი მთელ ტერფებსა და მუხლებზე ვრცელდება.

ართრიტით გამოწვეულმა სახსრების დაზიანებამ საბოლოოდ შეიძლება ფეხის თითების და ტერფის ფორმის შეცვლა გამოიწვიოს. ზოგიერთ ადამიანში ეს შეიძლება პირველი სიმპტომი იყოს, რომ მას რევმატოდიული ართრიტი აქვს.

დიაგნოზის დასმის შემდეგ მედიკამენტებით, ფიზიკური ვარჯიშით, დიეტით და ზოგიერთ შემთხვევაში ქირურგიული ჩარევით შეგიძლიათ ეფექტურად იმკურნალოთ.

6. პოდაგრა, როგორც ფეხის ტკივილის მიზეზი

პოდაგრა მტკივნეული ართრიტია, რომელსაც სინვიალურ სახსრებში შარდმჟავას დაგროვება იწვევს. შარდის მჟავა ცილების და ცხიმების მაღალი შემცველობის მქონე დიეტის გვერდით პროდუქტს წარმოადგენს.

ადრე სამეფო ოჯახის წევრები ერთადერთი ადამიანები იყვნენ, რომელთაც ეს დაავადება აწუხებდათ, მაგრამ ჩვენი სტანდარტული დიეტა ცხიმებით და ცილებით მდიდარია და ახლა ეს დაავადება ბევრს აწუხებს.

ხორცის და ალკოჰოლის მიღება შეამცირეთ და ბოსტნეულის და ხილის რაოდენობა გაზარდეთ. ასე პოდაგრის შეტევების შემცირებას შეძლებთ. ალუბალი პოდაგრის შეტევების და ფეხის ძლიერი ტკივილის შესამცირებლად განსაკუთრებით ეფექტურია.

7. ნევროპათია

ბევრ დიაბეტიკს ნევროპათიის გამო ფეხის ტკივილი აწუხებს. დიეტის დახმარებით სისხლში შაქრის დონის კონტროლი ნეიროპათიური ტკივილის შემცირებაში დაგეხმარებათ. მარტივ შაქარს მოერიდეთ და დაბალი გლიკემიური ინდექსის მქონე პროდუქტები შეჭამეთ.

ნეიროპათიური ტკივილის შესამცირებლად B12 ვიტამინის ინექციაც დაგეხმარებათ.

გახსოვდეთ, რომ მნიშვნელოვანია ტერფების ტკივილის სწორი დიაგნოზის დასმა მოხდეს. ასე მკურნალობის საუკეთესო მეთოდის გამოყენებას შეძლებთ. მხარდამჭერი ფეხსაცმლის ტარება, რომელიც ფეხს კარგად ეკვრის და ანთებას ამცირებს, პირველი ეფექტური ნაბიჯია ფეხის ტკივილის შესამცირებლად.

ბოტასები და სხვა რბილი ფეხსაცმელი არც თუ ისე სექსუალური და მოდურია, მაგრამ ხანგრძლივი პერსპექტივით ბევრად უფრო სასარგებლოა. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი არაბუნებრივ ზეწოლას ახდენს იმ ადგილებზე, რომლებიც ასეთ დატვირთვის განკუთვნილი არაა.

8. ბურსიტი

ეს ფეხის ცერა და ნეკა თითების მტკივნეული დეფორმაციაა. შეიძლება გენეტიკური იყოს და მუდმივად ძალიან ვიწრო ფეხსაცმლის ტარებამ შეიძლება გაამწვავოს.

ფეხსაცმლის სახსრებზე ზეწოლა ტკივილს, ანთებას, შეშუპებას და სიწითლეს იწვევს.

ფეხის ცერა თითთან მყარი და მტკივნეული ბორცვი იქმნება. ეს მაშინ ხდება, როცა თითის ერთ-ერთი კუნთი სუსტდება. შედეგად მყესებსა და ერთი ან რამდენიმე თითის სახსრებზე ზეწოლას ახდენს.

გადაწყვეტილება: სწორი ფეხსაცმელი შეარჩიეთ. ასევე სპეციალური ლანჩა შეგიძლიათ დაამატოთ, რომ კოჟრების მდგომარეობა შეამსუბუქოთ, ან შეგიძლიათ ორთოპედიული ფეხსაცმელი ატაროთ.

9. დიაბეტით გამოწვეული ფეხის ტკივილი

თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ეს პრობლემა გაქვთ, სისხლში გლუკოზა ან შაქარი, რომელსაც სხეული ჩვეულებრივ საწვავის სახით იყენებს, შეიძლება დაგროვდეს. ჭარბმა შაქარმა შეიძლება ფეხის ნერვები და სისხლძარღვები დააზიანოს. შედეგად კი მგრძნობელობა და სისხლის მიმოქცევა მცირდება.

სისხლში შაქრის მაღალი დონის სიმპტომები დაბუჟებას ან ფეხის ჩხვლეტას, ასევე სერიოზულ ინფექციებს მოიცავს.

დიაბეტი ფეხის პრობლემების მნიშვნელოვანი მიზეზია. ამან შეიძლება ფეხის თითის ან საერთოდ ტერფის დიდი ნაწილის ქირურგიული მოშორება გამოიწვიოს.

მნიშვნელოვანია, რომ დიაბეტიკებმა მოწევას თავი დაანებონ და მხარდამჭერი ფეხსაცმელი ატარონ.

ხანგრძლივი სამუშაო დღის შემდეგ ფეხის დისკომფორტი იქმნება. თუ ფეხის ძლიერ ტკივილს იგრძნობთ, რომელიც თქვენი ფიზიკური აქტივობის პროპორციული არაა, ამის შესახებ ექიმს უამბეთ. ის, რაც ფეხის უმნიშვნელო პრობლემით იწყება, შეიძლება უფრო სერიოზული დაავადების მანიშნებელი იყოს.