Connect with us

ჯანმრთელობა

სახელმძღვანელო, როგორ გავზარდოთ ჩაის სოკო სახლში

ჩაის სოკოს ჩვენი დედები და ბებიები ამზადებდნენ. დედა ჩაის სოკოსგან ბურახს ამზადებდა, მაგრამ მისი საშინელი შესახედაობის გამო პურის ბურახი ავირჩიე და არც ვნანობ. ჩაის სოკოს სასმელს კომბუჩას ან ბურახს უწოდებენ. სასმელი ბოლო დროს პოპულარული გახდა. არსებობს მოსაზრება, რომ მას სასარგებლო თვისებები აქვს. Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ, რა თვისებებს ფლობს კომბუჩა და როგორ გაზარდოთ სახლის პირობებში.

ჩაის სოკო სახლის პირობებში

მზა კომბუჩას პოვნა მარტივი არაა. მოგიწევთ პროდუქტი ინტერნეტში მოძებნოთ ან ნაცნობებში გაიკითხოთ. ჩაის სოკო არა მთელი ორგანიზმი, არამედ ბაქტერიების და საფუარის სოკოს სიმბიოზია. ჩაის სოკოს სასმელზე ჩანაწერები ჯერ კიდევ ჩვ.წ.–მდე 220 წელს ჩინურ წყაროებში გვხდება, სადაც მას ორგანიზმს გამწმენდს და ენერგიის მომნიჭებელს უწოდებენ. ევროპაში პროდუქტი მე-20 საუკუნეში გამოჩნდა.

კომბუჩას მოსამზადებლად ჩაის სოკოს კულტურა შაქრიან ძლიერნაყენში უნდა მოათავსოთ. თუ სახლში მზა ჩაის სოკო გაქვთ, საკმარისია ხსნარში ჩადოთ და 5 დღე მოიცადოთ. ამ დროში დუღილის პროცესი მოხდება, სასმელი ბუშტებით გაივსება და სასარგებლო გაზიან სასმელს მიიღებთ.

როგორ მოვიქცეთ, თუ ჩაის სოკო ვერ ვიპოვეთ? ნულიდან გაზარდეთ. ამისთვის დაგჭირდებათ ძმარი, ჩაის ფოთლები, შაქარი, წყალი და დიდი ქვაბი. კომბუჩას მოყვარულები ხშირად ექსპერიმენტებს ატარებენ, ჩაის სოკოს შავი, წითელი ან მწვანე ჩაისგან ამზადებენ. მზა კომბუჩას სხვადასხვა გემო შეგიძლიათ შემატოთ. ნახეთ, როგორ გაზარდოთ ჩაის სოკო სახლში ნულიდან.

ინგრედიენტები:

  • 3 ლ წყალი
  • 5 ს/კ მწვანე ჩაის ნაყენი
  • 7 ს/კ შაქარი
  • 2 ს/კ 9%–იანი ძმარი

მომზადების წესი:

1. სტერილური ჭურჭელი მოამზადეთ, სადაც ჩაის სოკოს გაზრდით. სამლიტრიანი ქილა სოდით კარგად გარეცხეთ და ნებისმიერი მოსახერხებელი მეთოდით გაასტერილეთ. ჩაის სოკოს სტერილური სისუფთავე უყვარს.

2. ლიტრიან სტერილურ ქილაში 5 ს/კ მსხვილფოთლებიანი შავი ჩაი დანამატის და არომატიზატორების გარეშე ჩაყარეთ.

3. 7 ს/კ შაქარი და 1 ლ მდუღარე წყალი დაუმატეთ. 2 ს/კ 9%–იანი სუფრის ძმარი დაუმატეთ და დააყენეთ. ძმარი კონსერვანტის როლს შეასრულებს, რომელიც პათოგენურ მიკროფლორას გაანადგურებს. მის გარეშე ნაყენი ობით დაიფარება და მოსახმარებლად უვარგისი გახდება.

4. 30 წუთში, როცა ნაყენი მზად იქნება და შაქარი გაიხსნება, კოვზით აურიეთ და მარლის ან საწურის მეშვეობით სამლიტრიან ქილაში გადაასხით.

5. სამლიტრიან ქილას 1,5-2 ლ სუფთა გაფილტრული წყალი დაუმატეთ და რამდენიმე ფენად გაკეცილი მარლა დააფარეთ.

6. თბილ ადგილას 7-10 დღე გააჩერეთ. ამ დროის გასვლის შემდეგ სითხის ზედაპირზე თხელი ფირი წარმოიქმნება. ეს ჩაის სოკოა. ნაყენი შეგიძლიათ დალიოთ, როცა ბუშტები გამოჩნდება.

ჩაის სოკოს მზა ნაყენი დაუყონებლივ დალიეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ამჟავდეს. ახალი სასმელის მოსამზადებლად და სოკოს გასაზრდელად მთელი კომბუჩა გადაწურეთ და სოკოსთვის მხოლოდ ცოტა სითხე დატოვეთ. ახალი ნაყენი მსგავსი მეთოდით მოამზადეთ და ახალ ჩაიში სოკო გადაიტანეთ.

მზა სოკოს შემთხვევაში კომბუჩას მომზადებაზე ნაკლებ დროს დახარჯავთ, ვიდრე სოკოს ფორმირებისას. კომბუჩა გემოთი ბურახს ჰგავს, მაგრამ სხვადასხვა გემო შეგიძლიათ შემატოთ.

ჩაის სოკოს თვისებები

ჩაის სოკო ხალხურ მედიცინაში გამოიყენება. დუღილის წყალობით სასმელში სასარგებლო ვიტამინები და ამინომჟავები, მათ შორის B ჯგუფის ვიტამინები ჩნდება. კულტურას მტკივნეულ სახსრებზე იფენენ, ასევე ჩაის სოკოთი ამზადებენ სახის ნიღბებს, რომელსაც ლიფტინგის ეფექტი აქვს და ფორებს ავიწროებს. ჭამის წინ ჩაის სოკოს ნაყენის დალევა სასარგებლოა. საჭმლის მონელებას ხელს უწყობს. კომბუჩას დალევა რეკომენდებული არაა, თუ კუჭ–ნაწლავის ტრაქტის პრობლემები გაწუხებთ.

ახლახანს ამერიკელმა მეცნიერებმა კომბუჩაზე დაფუძნებული წყლის გამწმენდი ფილტრი გამოიგონეს. სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ასეთი ფილტრი უფრო ეფექტური და გამძლეა, ვიდრე ჩვეულებრივი ფილტრი, რომელიც სწრაფად ბინძურდება და წვრილ ნაწილაკებს ატარებს. კვლევამ აჩვენა, რომ ჩაის სოკოს ფილტრი წყალს ჩვეულებრივ ფილტრზე 40%–ით უკეთ წმენდს. კულტურას ძმარმჟავის წარმოქმნა შეუძლია, ანუ ანტიბაქტერიულია.

რედაქციის რჩევა

კომბუჩას მომზადების პროცესში ჩაის სოკოს მოვლა მნიშვნელოვანია. თვეში ერთხელ ჩაის სოკო სუფთა ანადუღარი წყლით გარეცხეთ და სოკოს ქვედა ფირფიტა მოაშორეთ. ადგილზე დაბრუნებისას ქილის ძირში ქვედა მხრიდან მოათავსეთ, რომელიც უფრო მუქია. კომბუჩას მომზადებისას ქილაში ჩაი ისე უნდა ჩაასხათ, რომ სოკო არ გადაბრუნდეს.

Advertisement