Connect with us

ყვავილები

როგორ უნდა იზრუნოთ ვარდზე მაისსა და ივნისის დასაწყისში

მაისი უხვი ყვავილობის, მათრობელა სუნების და ბუნების ფერების ამბოხის დროა. თუმცა მეაგარაკეებისთვის შრომატევადი მუშაობის პერიოდია. განსაკუთრებულ მოვლას მოითხოვს ბაღის პრინცესები – ვარდები. მათ საფარი დროულად უნდა მოაშოროთ, სწორად გადაჭრათ, გამოკვებოთ და მავნებლებისგან დაიცვათ. დღეს Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ იზრუნოთ ვარდზე გაზაფხულში, რომ ზაფხულში დიდებული ყვავილებით დატკბეთ.

ვარდის მოვლა გაზაფხულზე

მაისის ბოლოა, ანუ მეაგარაკეებმა ვარდს საფარი უკვე მოაშორეს და აუცილებელი გადაჭრაც შეასრულეს. მოდით გავარკვიოთ, როგორი მოვლა სჭირდება ყვავილებს გაზაფხულის ბოლოსა და ზაფხულის დასაწყისში.

თუ ახალი ვარდის დარგვას აპირებთ, ეს სწორედ მაისში უნდა გააკეთოთ. თავდაპირველად, მიწა გააფხვიერეთ და სარეველები მოაშორეთ. შეგიძლიათ დაუმატოთ აზოტის სასუქი – ახალგაზრდა ბუჩქებს წაადგებათ. დარგვის შემდეგ მორწყეთ და 2 კვირით დაჩრდილეთ.

მცენარეებს ყურადღება უნდა მიაქციოთ, რაც შეიძლება ხშირად დაათვალიერეთ. საქმე იმაშია, რომ კვირტობის პერიოდის დაწყებისას მავნებლები განსაკუთრებით უტევს. არასასურველი სტუმრების აღმოჩენისას ყვავილები სპეციალური პრეპარატებით დაამუშავეთ. მათ შეძენას მებაღეობის მაღაზიებში შეძლებთ.

ვარდის სწორად გამოკვება

ზაფხულის დადგომასთან ერთად ვარდები თავისი სილამაზის დემონსტრირებას იწყებენ. ამ დროს ბუჩქები უხვად მორწყეთ. ერთ ბუჩქზე – 1,5 ლ წყალი. დიდებული ყვავილობისთვის სასუქი დაუმატეთ. ეს რამდენჯერმე გააკეთეთ: კვირტების დაბერვის პერიოდში, ყლორტების ზრდის პერიოდში, კოკრების ფორმირების პერიოდში, პირველი და მეორე ყვავილობის შემდეგ. სასუქად შეგიძლიათ გამოიყენოთ ძროხის ნაკელის ნაყენი – ნატურალური და ეფექტური სასუქი.

ზაფხულში ხშირად იყენებენ ცნობილი ამონიუმის ნიტრატს, თუმცა მისი სწორად გამოყენება უნდა იცოდეთ. მცენარის ფესვიდან 20 სმ–ით უკან დაიხიეთ. თუ ნიადაგი მშრალია, თბილი წყლით დაატენიანეთ. რამდენიმე საათში ირიბად პატარაზე ჩააღრმავეთ და ნიტრატის გრანულები ჩაყარეთ. შემდეგ მიწა მოაყარეთ. ერთ ბუჩქზე დაახლოებით 0,5 ს/კ ნიტრატი დაგჭირდებათ. საერთოდ, ვარდისთვის კარგია ფოსფორი, მაგნიუმი, აზოტი და კალიუმი.

მავნებლებისგან დაცვა და მულჩირება

რაც შეეხება მავნებლებს, სისტემური პრეპარატი უნდა გამოიყენოთ. ნაადრევ გაზაფხულზე, ზაფხულში (პირველი ყვავილობის შემდეგ) და აუცილებლად შემოდგომაზე გამოიყენეთ. ზოგი სპეციალისტი ირწმუნება, რომ 2–ჯერ დამუშავება საკმარისია. მცენარე დილით ან საღამოს, მშრალ, უქარო ამინდში დაამუშავეთ.

ასევე გაზაფხულზე მცენარეების მულჩირებას გირჩევთ. ამისთვის ბუჩქის გარშემო ბაღის კომპოსტი თანაბრად გადაანაწილეთ. ზემოდან ნახერხის ან ნაფოტის ფენა მოაყარეთ. გახსოვდეთ, რომ მულჩირების მასალა ბუჩქის ფუძეს არ უნდა ფარავდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ფესვები წყალს და სითბოს ვერ მიიღებს. სწორი მულჩირებით მინერალები, სითბო და სითხე მიწაში შენარჩუნდება. ამის წყალობით ვარდის გარეგნობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

როგორც ხედავთ, ვარდის მოვლა შრომატევადი საქმეა, რომელიც მოთმინებას და გამოცდილებას მოითხოვს. სამაგიეროდ, პრეტენზიული ლამაზმანები ზრუნვისთვის ზაფხულში უხვად დაგაჯილდოებთ. ვარდის ბუჩქი ნაკვეთს შესანიშნავად ამშვენებს და სასიამოვნო ნაზ არომატს იძლევა.

ახლა უკვე იცით, როგორ იზრუნოთ ვარდზე გაზაფხულში, რომ ზაფხულში დიდებულად აყვავილდეს. სათანადო მოვლა აუცილებლად დაჯილდოვდება.