Connect with us

საკითხავი

როგორ მოვაშოროთ ლაქა სხვადასხვა ზედაპირს სახლის პირობებში

თუ სახლში ბავშვები ან შინაური ცხოველები ცხოვრობენ, ტანსაცმელზე ლაქების გაჩენას პრაქტიკულად თავიდან ვერ აიცილებთ. ხშირად ყველაზე გამოცდილმა დიასახლისმაც არ იცის, თუ ლაქები როგორ ამოიყვანოს. სამწუხაროდ, სარეცხი ფხვნილი და გელი ლაქებს ყოველთვის ვერ უმკლავდება. თუმცა სხვა ნამდვილად მოქმედი მეთოდები არსებობს, რომელთა დახმარებით ტანსაცმელს, მაგიდის გადასაფარებელს და სხვა ქსოვილს ჭუჭყს მარტივად მოაშორებთ.

თუ სტუმარმა ღვინო ხალიჩაზე დაღვარა ან წვენით მაგიდის ახალი გადასაფარებელი დასვარა, არ ინერვიულოთ. ლაქების ამოყვანა ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე გვგონია. გთავაზობთ ყველზე გავრცელებულ ლაქებს და მათი მოშორების მეთოდებს.

ლაქებთან ბრძოლის 10 მეთოდი

ღვინო

ხელის ერთი გაუფრთხილებელი მოძრაობა და წითელი ლაქა უკვე იატაკზეა. დიასახლისი იმწამსვე ჩვარს სწვდება, ხოლო სტუმარს ურჩევნია, რომ მიწა გაუსკდეს და გაქრეს. რა უნდა გააკეთოთ? იმედგაცრუება არ იჩქაროთ! ბამბის ქსოვილს ჩვეულებრივი რძით დაეხმარებით. პროდუქტი გააცხელეთ, შემდეგ მასში ქსოვილი დაასველეთ და 5-10 წუთით გააჩერეთ. ამის შემდეგ ნივთი თქვენთვის მოსახერხებელი საშუალებით გარეცხეთ. ესეც ასეა, ლაქა გაქრა!

სავარძელს, დივანს და მაგიდის გადასაფარებელს ღვინის ლაქას ჩვეულებრივი მარილით ამოიყვანთ. უბრალოდ ლაქას მარილის სქელი ფენა მოაყარეთ, შემდეგ მსუბუქ სარეცხ საშუალებაში დასველებული რბილი ღრუბელით გაწმინდეთ. ამის შემდეგ უბრალოდ სუფთა, სველი ჩვრით გადაწმინდეთ.

ცხიმი

ცხიმიანი ლაქების ამოსაყვანად ჩვეულებრივი დიასახლისის საპონი ყველაზე მარტივი, მაგრამ ნამდვილად მოქმედი საშუალებაა. მეთოდი ნებისმიერ ქსოვილსა და ავეჯის ზედაპირზე შეგიძლიათ გამოიყენოთ. საკმარისია, საპნიანი ხსნარი მთელი ღამე გააჩეროთ, დილით კი წყლით მოაშოროთ.

ქსოვილებიდან ცხიმის მოსაშორებლად ჩვეულებრივი მარილი შეგიძლიათ გამოიყენოთ. ლაქაზე უხვად მოაყარეთ და ცხიმის შეწოვას დაელოდეთ. პროცედურა მანამ გაიმეორეთ, სანამ ცხიმის კვალიც კი არ გაქრება. შემდეგ ლაქა თბილი წყლით გაწმინდეთ ან უბრალოდ გარეცხეთ.

სიროფი და თაფლი

სქელი სიროფის და თაფლის ლაქა ერთ-ერთი ყველაზე რთული ლაქაა. თუმცა მისი მოშორება დიდ დროს არ მოითხოვს. საკმარისია, ჭუჭყიან ადგილას ფქვილი მოაყაროთ და ჭუჭყს შეწოვის საშუალება მისცეთ. შედეგად, პლასტილინის მსგავს მასას მიიღებთ. ფქვილი ნიჩბით მოაშორეთ და ლაქა თბილ წყალში დასველებული ღრუბელით გადაწმინდეთ.

ჩაი

ჩაის ლაქის ამოყვანის რამდენიმე მეთოდი არსებობს. გლიცერინის და საკვები სოდის ნარევი ერთ-ერთი ასეთი მეთოდია. ამ 2 კომპონენტის ფაფა ლაქას წაუსვით და მის გაუფერულებას დაელოდეთ. ამის შემდეგ ნივთი თქვენთვის მოსახერხებელი მეთოდით გარეცხეთ.

კიდევ ერთი შესანიშნავი მეთოდი ჩაის ლაქის მოსაშორებლად – ლიმონის მჟავა, რომელიც ტანინებს ანეიტრალებს (სწორედ ტანინები ქსოვილს მუქ ფერში ღებავს).

კვერცხი

ერთი შეხედვით უვნებელმა პროდუქტმა შეიძლება ბევრი საზრუნავი მოგიტანოთ, თუ ჭუჭყიან ზედაპირს არასწორად გაწმენდთ. ლაქის მოშორება სველი სალფეთქით არ სცადოთ, ასე კვერცხის ნარევს ქსოვილზე კიდევ უფრო გაზრდით. ნედლ კვერცხს მარილი მოაყარეთ და მიღებული სქელი მასა მოიშორეთ.

პომიდვრის წვენი

პომიდვრის წვენის ლაქის შემთხვევაში სწრაფად უნდა იმოქმედოთ. ლაქა ჩვრით სწრაფად გაწმინდეთ, შემდეგ ცივ წყალში დაასველეთ. ამის შემდეგ კარგ ქაფიან საპონში დასველებული ღრუბელით ჭუჭყიანი ზედაპირი გაწმინდეთ და ქსოვილი კიდევ ერთხელ გარეცხეთ.

კენკრა

მდუღარე წყალი კენკრის ახალი ლაქის მოშორებაში დაგეხმარებათ. უბრალოდ ქსოვილი თასზე გაჭიმეთ და საჭირო ადგილას მდუღარე წყალი დაასხით.

ასევე შეგიძლიათ ლიმონის მჟავა გამოიყენოთ. 1 ჩ/კ მჟავა 1 ჭიქა წყალში გააზავეთ და ლაქა 20 წუთით დაასველეთ. შემდეგ ქსოვილს წყალში გაავლეთ და პროცედურა კიდევ ერთხელ გაიმეორეთ.

ყავა

ყავის ლაქისთვის 2 ხსნარი არსებობს. პირველი მეთოდისთვის 2 ს/კ ძმარი 1 ლ წყალში გახსენით და ლაქა ამ წყალში დასველებული ჩვრით გაწმინდეთ. მეორე მეთოდისთვის 1 ს/კ გლიცერინი 1 ლ წყალში გახსენით. იგივე ეფექტს მიიღებთ.

წვენი

წვენის ლაქის მოსაშორებლად სუფრის ძმარი და ლიმონის მჟავა გამოგადგებათ. ქსოვილს ძმარი დაასხით და ცოტა ხნით გააჩერეთ, შემდეგ ჩვეულებრივი წყლით გაავლეთ. ამის შემდეგ ლაქას ლიმონის მჟავა წაუსვით და თბილი წყალი დაასხით. 10-15 წუთის შემდეგ შეგიძლიათ მჟავა მოაშოროთ, ხოლო ნივთი სველი ღრუბელით ან უბრალოდ მშრალად გაწმინდოთ.

შოკოლადი

შოკოლადის ლაქის მოშორებას ჩვეულებრივი დიასახლისის საპნით შეძლებთ. ლაქა საპნით კარგად გახეხეთ და წყალი დაასხით. ქსოვილი ცოტა ხნით გააჩერეთ, შემდეგ გარეცხეთ.

თუ ეს მეთოდი არ გამოგადგათ, სპეციალური ხსნარის გამოყენებას გირჩევთ, რომელიც შეგიძლიათ სახლის პირობებში მოამზადოთ. 1 ს/კ ნიშადურის სპირტი 100 მლ წყალში გახსენით. მიღებული სითხე ჭუჭყიან ადგილას წაუსვით და გააჩერეთ. შოკოლადის კვალიც კი გაქრება.

ახლა უკვე ქიმწმენდაში გაქცევა არ მოგიწევთ, თუ ხალიჩას ან მაგიდის გადასაფარებელს ღვინო დაასხეს. ყველა საჭირო ნივთი ხელთ გაქვთ, უბრალოდ დაიმახსოვრეთ თუ როდის რა გამოიყენოთ და მაშინ ტანსაცმლის და ქსოვილების გაწმენდაზე მშვიდად იქნებით.