Connect with us

ყვავილები

რით გამოვკვებოთ ვარდი მაისში, რომ მთელი ზაფხული დიდებულად ყვავილობდეს

საუკეთესო შედეგის მისაღებად ვარდს მკვებავი ნივთიერებები ზრდის მთელი პერიოდის განმავლობაში უნდა მიაწოდოთ. ჯანმრთელი ვარდი არა მხოლოდ უკეთ ყვავის, არამედ მწერების და დაავადებების პრობლემებს ადვილად იტანს. Alltime.ge–ს რედაქცია გასწავლით, რით და როგორ გამოკვებოთ ვარდი მაისში, რომ მთელი ზაფხული მისი ყვავილობით დატკბეთ.

ახლა ყვავილების ბაზრობა იმდენად განვითარებულია, რომ ნებისმიერი მოთხოვნის პროდუქტი იშოვება. სასუქების მრავალფეროვნება კიდევ უფრო ართულებს საკითხს, თუ როგორ და როდის გამოვკვებოთ ვარდი. აი, რა უნდა იცოდეთ მაისის გამოკვების შესახებ, რომ ვარდიდან მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ.

მთავარი სასუქები ვარდისთვის

მთავარი მკვებავი ნივთიერებები (მაკროელემენტები), რომლებიც ყველა მცენარეს სჭირდება, ესაა აზოტი (N), ფოსფორი (P) და კალიუმი (K).

აზოტი ფოთლების ჯანსაღ და ენერგიულ ზრდას უზრუნველყოფს. ვარდის ყვავილობა პირდაპირ მწვანე მასაზეა დამოკიდებული. ჯანმრთელი ფოთლები მცენარეს მეტი ყვავილის განვითარებაში ეხმარება. ჭარბმა აზოტმა შეიძლება ბევრი ფოთლები და ნაკლები ყვავილი გამოიწვიოს, ხოლო აზოტის დეფიციტმა ფოთლების გაყვითლება, ზრდის შეფერხება და უფრო პატარა ყვავილები.

ფოსფორი ფესვების ჯანსაღ განვითარებას და უხვ ყვავილობას ხელს უწყობს. ფოსფორის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს ფოთოლცვენა, ყვავილის სუსტი ღერო და კვირტების გაუხსნელობა.

კალიუმი ვარდს მწერებით და დაავადებებით გამოწვეული სტრესისგან, ასევე ექსტრემალური ამინდის პირობებისგან იცავს და აღდგენაში ეხმარება. კალიუმის დეფიციტი ფოთლების კიდეების გაყვითლებას, ყვავილის ღეროს დასუსტებას და კვირტების ცუდად განვითარებას იწვევს.

სხვა მკვებავი ნივთიერებები: ვარდს ზრდისთვის სჭირდება მიკროელემენტები, მათ შორისაა კალციუმი, მაგნიუმი, გოგირდი, ბორი, სპილენძი, რკინა, მანგანუმი და თუთია.

რკინა: იქ, სადაც ტუტე მიწაა, შეიძლება რკინის შემცველი სასუქის დამატება დაგჭირდეთ. რკინის დეფიციტის დროს გაყვითლებულ ფოთლებზე მწვანე ზოლები ჩნდება.

მაგნიუმი: ყვავილების სიკაშკაშეს აძლიერებს და უხვი ყვავილობის შანსს ზრდის.

როდის და როგორ გამოვკვებოთ ვარდი მაისში:

დარგვის დროს

  • დასარგავი მიწა ორგანული სასუქით (დამპალი ნაკელი, კომპოსტი) გაამდიდრეთ.
  • სასუქი შეფუთვაზე მითითებული ინსტრუქციის შესაბამისად ნელი გამოთავისუფლების მეთოდით დაუმატეთ. ასევე დაუმატეთ ერთი მუჭა ძვლის ფქვილი, რომ ფესვები კარგად განვითარდეს.
  • მცენარის ფუძე მულჩით დაფარეთ.

ყოველ 3-4 კვირაში მსუბუქი სასუქი მიაწოდეთ. მაგალითად, თხევადი ჰუმინისა ან სპეციალური თხევადი კომპლექსი (აგრიკოლა, ბონა ფორტე). შესაფერისი სასუქის მაგალითი შეიძლება იყოს კრისტალონი, პლანტაფოლი, მონოკალიუმი ფოსფატი, კალიმაგნეზია, სასუქი გახანგრძლივებული მოქმედების ვადით და სხვა. შუა ივლისამდე, თუ დასარგავ ორმოში ორგანული სასუქი არ მიაწოდეთ, საკმარისი იქნება თხევადი ორგანული სასუქი (ძროხის ნაკელის ნარევი 1:10, ქათმის სკინტლი 1:20).

დარგვიდან პირველ წელს სრულ მარცვლოვანმა სასუქმა შეიძლება ფოთლების კიდეების და ფესვების წვერების დაწვა გამოიწვიოს.

ახალგაზრდა მცენარე

ნაადრევი გაზაფხულიდან შუა გაზაფხულამდე: ახალი ფოთლების გამოჩენისთანავე სასუქის მიწოდება დაიწყეთ. აზოტის შემცველი სასუქები გამოიყენეთ, რომ ფოთლების განვითარება დააჩქაროთ. მაგალითად, ვარდი შეგიძლიათ გამოკვებოთ ამონიუმის ნიტრატით (30-40 გრ/მ2). როცა ყლორტის სიგრძე 12-15 სმ იქნება, სასუქი ნელი გამოთავისუფლების მეთოდით მიაწოდეთ. თუ ცივი ამინდია და საშუალო ტემპერატურა +10 გრადუსზე ქვემოთაა, მცენარე მინერალურ ნივთიერებებს ვერ იღებს. ამიტომ დათბობას დაელოდეთ. 2 კვირაში აზოტის სასუქის მიწოდება გაიმეორეთ.

მაისიდან შუა ზაფხულამდე: ყოველ 2–4 კვირაში ვარდის გამოკვება სასუქის მწარმოებლის ინსტრუქციის მიხედვით გააგრძელეთ. მინერალური კომპლექსებიდან დამოუკიდებლად მოამზადეთ სამეული: 10-15 გრ/მ2 ამონიუმის ნიტრატ, 25-30 გრ/მ2 სუპერფოსფატი, 10-15 გრ/მ2 კალიუმის მარილი. კვირტების ნასკვობის პერიოდში ვარდები კომპლექსური სასუქებით გამოკვებეთ (30-40 გრ/მ2).

ზაფხულის ბოლოდან შემოდგომის დასაწყისამდე: ნაკლები აზოტის შემცველი სასუქები მიაწოდეთ ნელი გამოთავისუფლების მეთოდით. მაგალითად, ძვლის ფქვილი, რომ ფესვების ზრდა და მომავალ წელს ყვავილობა დააჩქაროთ. აგვისტოში ფესვების ქვეშ სუპერფოსფატი და კალიუმის მარილი (30-40 გრ/მ2) დაუმატეთ. პირველი ყინვების დაწყებამდე 6-8 კვირით ადრე სასუქის მიწოდება შეწყვიტეთ, რომ ახალი ყლორტების დაზიანება თავიდან აიცილოთ.

რომელი სასუქი მივაწოდოთ ვარდს მაისში

კომპოსტი მცენარის საერთო ჯანმრთელობას ხელს უწყობს, ვარდს დაავადებების და მავნებლების მიმართ უფრო გამძლეს ხდის. დარგვის დროს მიწას აურიეთ ან მაისის დასაწყისში გაფესვიანებულ მცენარეს გარშემო 5-10 სმ ფენა დაუმატეთ.

მწიფე ნაკელი, განსაკუთრებით ცხენის ნაკელი, ნიადაგს დარგვის დროს დაუმატეთ ან გაზაფხულზე მულჩირებისთვის გამოიყენეთ (5 სმ ფენა). დარწმუნდით, რომ ნაკელი საკმაოდ მწიფეა, რომ მცენარე არ დაწვას. ასევე კარგია ნაკელის ჩაი – ძროხის ნაკელსა და მწვანე ფერმენტირებულ სასუქებზე დაფუძნებული ხსნარები.

ძვლის ფქვილი ნელი გამოთავისუფლების მეთოდით გამოიყენეთ გაზაფხულზე, ვეგეტაციურ პერიოდსა და შემოდგომაზე, რომ ფესვების და ყვავილების ზრდას ხელი შეუწყოთ.

როგორ გამოკვებოთ კონტეინერის ვარდები მაისში

კონტეინერებში გაზრდისას ვარდი მკვებავ ნივთიერებებს უხვი მორწყვის გამო უფრო სწრაფად კარგავს. ასეთ ყვავილს სასუქი უფრო ხშირად სჭირდება, ვიდრე ღია ნაკვეთზე დარგულს. კონტეინერის ვარდი სჯობს აპრილის დასაწყისიდან თხევადი სასუქით გამოკვებოთ.

ახლა ბაზარზე ბევრი კომპლექსური ორგანო–მინერალური სასუქის შეფუთვები იყიდება, რომლებიც სპეციალურად ვარდისთვის არის შექმნილი. ასე სასუქების მიწოდების გრაფიკის გამოცნობა არ მოგიწევთ. თითქმის ყველა ასეთ სასუქში დაბალანსებული მკვებავი ნივთიერებები შედის, მაგრამ ზოგი მათგანი მნიშვნელოვან მიკროელემენტებს და სასარგებლო მიკრობებს შეიცავს.

არსებობს თუ არა სასუქები, რომლითაც ვარდი არ უნდა გამოკვებოთ

სასუქების მიწოდების გრაფიკის დაცვა პრაქტიკული არ გგონიათ, ლამაზი ვარდის გაზრდას მაინც შეძლებთ, თუ ისეთ სახეობას აირჩევთ, რომელსაც განსაკუთრებული მოვლა და სასუქი პრაქტიკულად არ სჭირდება. პეიზაჟის ვარდები, ველური ფორმები (ასკილი) – მარტივი მეთოდი თქვენი ბაღის დასამშვენებლად. ამ გამძლე მცენარეებს განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდებათ.

ლანდშაფტის ვარდის გამოკვება მარტივია: ნაადრევ გაზაფხულზე კონტროლირებადი გამოთავისუფლების სასუქი მიაწოდეთ.

რა უნდა იცოდეთ გაზაფხულზე ვარდის გამოკვების დროს: 4 საიდუმლო

  1. ნიადაგის მჟავიანობის დონე (PH) მკვებავი ნივთიერებების ათვისებაზე გავლენას ახდენს. ვარდის გასაზრდელად PH დონე 6,0-7,0 ფარგლებში უნდა იყოს. თქვენი ნაკვეთის PH შეამოწმეთ მარტივი ტესტით, რომ განსაზღვროთ სჭირდება თუ არა კორექტირება:
  2. გამოკვებამდე და გამოკვების შემდეგ მორწყეთ. ასე ფესვების ზონა მკვებავ ნივთიერებებს უკეთ მიიღებს და ფესვებს დამწვრობისგან დაიცავთ.
  3. ძალიან ცხელ ამინდში სასუქის მიწოდებას მოერიდეთ, რომ მცენარეს სტრესი არ მიაყენოთ. ვარდი ფოთლებზე კარგად მორწყე და გაგრილებას დაელოდეთ, რომ სასუქი მიაწოდოთ.
  4. ფოთლოვანი გამოკვება დღის დასაწყისში გამოიყენეთ, რომ ფოთლები საღამოსკენ, აგრილებამდე გაშრეს. ასე დაავადებებს თავიდან აიცილებთ.