საკითხავი
რადიატორის გაწმენდა მარტივი, ეფექტური მეთოდებით და მხოლოდ 5 წუთში
სახლის გენერალური დალაგებისას მტვერი ჯადოსნურად ქრება ყველაზე რთულად მისადგომ ადგილებშიც, სადაც მთელი წელი ილექებოდა. ზოგიერთი დიასახლისი სახლს ყოველდღე ისე საგულდაგულოდ ალაგებს, რომ ერთი მტვრის პოვნაც გაგიჭირდებათ. დიასახლისების უმეტესობა ასეთი თავგადაკლული სისუფთავის მოყვარული არაა და ხშირად ბატარეის წმენდაზე არც ფიქრობს. არადა ბატარეაში საკმაოდ ბევრი მტვერი და ჭუჭყი გროვდება. ბატარეების გაწმენდა მისი სტრუქტურიდან გამომდინარე, განსაკუთრებით თანამედროვე რადიატორების შემთხვევაში, რთული თავსატეხია. Alltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ რამდენიმე ხრიკს, რომელთა დახმარებით ბატარეის გაწმენდას მარტივად შეძლებთ. მხოლოდ 5 წუთიც საკმარისია.
გათბობის ბატარეების გასაწმენდად ყველაზე უბრალო ნივთები გამოგადგებათ, მაგალითად, ფენი, მაკრატელი, ღრუბელი, ცხელი წყალი. დეტალურად გიამბობთ, როგორ გამოიყენოთ თითოეული მათგანი რადიატორების გასაწმენდად.
ფენი
ბატარეის შიგნით მტვრის მოშორება რთულია, მაგრამ შეგიძლიათ მტვერი გარეთ გამოაგდოთ. ჩვეულებრივი თმის ფენი გამოგადგებათ. ბატარეას უკან კედელზე სველი ჩვარი მიაკარით. ასე ჰაერის შებერვისას მტვერი მასზე დაილექება და მთელ სახლში არ აფრიალდება. რამდენიმე წუთი და საქმე ქუდშია.
მაკრატელი და ღრუბელი
თუ ბატარეის სექციებს შორის თავისუფალი ადგილი არაა, მარტივი ხრიკი გამოიყენეთ. მაკრატლის პირებს სკოჩი გადააკარით, რომ დაბლაგვდეს. ღრუბელს პატარა ნაჭერი მოაჭერით, მაკრატლით დაიჭირეთ და რადიატორის სექციებს შორის ზემოდან ქვემოთ გადაატარეთ. ასე მთელი ჭუჭყი ღრუბელზე გადავა. მაკრატლის ნაცვლად შეგიძლიათ სახაზავი გამოიყენოთ.
ნაჭრის ხელთათმანი
თუ ბატარეაში საკმარისი ადგილია, ხელით გაწმინდეთ. ნაჭრის ხელთათმანი საპნიან ხსნარში დაასველეთ, ხელზე ჩამოიცვით და გაწმინდეთ ყველაფერი, სადამდეც შეძლებთ.
მტვერსასრუტი
გათბობის ბატარეების გასაწმენდად ერთ–ერთი მარტივი მეთოდი მტვერსასრუტის გამოყენებაა. საკმარისია, ვიწრო საცმი გაუკეთოთ. მისი დახმარებით ჭუჭყს მარტივად მოიშორებთ. უბრალო ჯაგრისიც ბატარეებს ეფექტურად წმენდს.
ცხელი წყალი
უნივერსალური და უმარტივესი მეთოდი. ბატარეის ქვეშ ტაშტი ან რაიმე სხვა ჭურჭელი დადეთ, რომ დაღვრილი ჭუჭყიანი წყლით იატაკი არ დასვაროთ. ახლა ბატარეას ზემოდან ცხელი წყალი დაასხით. ამ მიზნით შეგიძლიათ ყვავილების სარწყავი გამოიყენოთ. მისი ვიწრო პირით კუთხეს მარტივად შეარჩევთ. ცხელი წყლით ყველაზე რთულად მისადგომ ადგილებსაც მარტივად მიწვდებით. ბოლოს მშრალი ჩვრით გაამშრალეთ.
როგორც ხედავთ, გათბობის ბატარეების გასაწმენდად საკმაოდ მარტივი ხრიკები არსებობს და მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, რომელ მათგანს აირჩევთ. 5 წუთიც საკმარისია, რომ ბატარეები იდეალურად გაწმინდოთ.