ჯანმრთელობა
მითები ენდომეტრიოზის შესახებ. ეს ყველა ქალმა უნდა წაიკითხოს
ენდომეტრიოზი საკმაოდ გავრცელებული დაავადება, რომლის დროსაც საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის უჯრედები შეიძლება სხეულის სხვა ნაწილებში შეგვხდეს. რამაც შეიძლება მუცლის, ზურგის ქვედა ნაწილის ან ნაწლავების ტკივილი, მტკივნეული მენსტრუაცია, ასევე სექსის დროს დისკომფორტი გამოიწვიოს.
ეს მეორე ყველაზე გავრცელებული გინეკოლოგიური დაავადებაა, რომლის დიაგნოზიც ხშირად არ ისმება, რადგან ბევრი ქალი თვლის, რომ ასეთი ტკივილი უცნაური არაა. საშუალოდ, პირველი სიმპტომების გამოვლენიდან დიაგნოზის დასმამდე 7,5 წელი გადის. Alltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ სპეციალისტების მოსაზრებებს ამ თემის შესახებ.
მითი №1 ენდომეტრიოზი მხოლოდ მტკივნეული მენსტრუაციაა
ასე არაა. სიმპტომები შეიძლება განსხვავდებოდეს. მაგალითად, მენსტრუაციებს შორის გამონადენი, არარეგულარული ციკლი, მუდმივი ტკივილი მენსტრუაციის დროს, ნაწლავების ტკივილი ან დისკომფორტი სექსის დროს.
მითი №2 ენდომეტრიოზის დიაგნოზის დასმა რთულია
სამწუხაროდ, ეს სიმართლესთან ახლოსაა. ქალებს ბევრ სხვადასხვა დიაგნოზს უსვამენ. ზოგჯერ ენდომეტრიოზის აღმოსაჩენად ულტრაბგერითი გამოკვლევა ან ლაპაროსკოპია აუცილებელია.
მითი №3 უბრალოდ ამით ცხოვრება უნდა ისწავლოთ
ასე არაა. ბევრ ქალს მტკივნეული მენსტრუაცია აქვს, მაგრამ ენდომეტრიოზის დროს ტკივილი იმდენად ძლიერია, რომ ქალს უბრალოდ განძრევა არ შეუძლია. თუ გრძნობთ, რომ თქვენს ორგანიზმში რაღაც რიგზე არაა, ექიმს მიმართეთ. ენდომეტრიოზი სრულად არ იკურნება, მაგრამ სიმპტომების თავიდან აცილება და ცხოვრებაზე დაავადების გავლენის შემცირება შეიძლება
მითი №4 მკურნალობის ერთადერთი მეთოდი – საშვილოსნოს ამოღება
ეს გავრცელებული მცდარი მოსაზრებაა. ერთ დროს ენდომეტრიოზის სამკურნალოდ საშვილოსნოს ამოღება ერთ–ერთი მეთოდი იყო, მაგრამ მედიცინა განვითარდა. ახლა დაავადებას ჰორმონალური პრეპარატებით და კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივებით მკურნალობენ. ზოგიერთ შემთხვევაში ენდომეტრიოზის უჯრედების მოსაშორებლად მინიმალური ქირურგიული ჩარევა დაგეხმარებათ.
მითი №5 ტკივილის მოშორება შეუძლებელია
ენდომეტრიოზის დროს ტკივილი შეიძლება მტანჯველი იყოს. ზოგს ტკივილი არა მხოლოდ მენსტრუაციის დროს აწუხებს. თავდაპირველად, ჩვეულებრივი ტკივილგამაყუჩებლები სცადეთ, თუ ვერ გიშველით, ექიმს უფრო ძლიერი პრეპარატის (შესაძლოა, ჰორმონალური) დასანიშნად მიმართეთ. თუ ტკივილი მხოლოდ მენსტრუაციის დროს გაწუხებთ, კომბინირებული კონტრაცეპტივების გამოყენებით წელიწადში მენსტრუაციის პერიოდების რაოდენობა შეამცირეთ.
მითი №6 ენდომეტრიოზი უნაყოფობას იწვევს
ენდომეტრიოზსა და უშვილობას შორის პირდაპირ კავშირი არ არის ნაპოვნი. როგორც წესი, ენდომეტრიოზი მხოლოდ თანმხლები ფაქტორია. მძიმე შემთხვევაში შეიძლება საკვერცხეებზე კისტები განვითარდეს, რომელიც რეპროდუქციულ სისტემაზე გავლენას ახდენს. ზოგჯერ კისტის მოშორება ბუნებრივად დაორსულების შანსს მნიშვნელოვნად ზრდის.
მითი №7 ორსულობა ენდომეტრიოზს კურნავს
ზოგიერთ ქალში მენსტრუაციის გაქრობასთან ერთად (ორსულობის პერიოდი ან ჰორმონალური კონტრაცეპტივების მიღებისას) ტკივილიც ქრება. თუმცა ბავშვის დაბადების შემდეგ სიმპტომები ბრუნდება.
მითი №8 მითხრეს, რომ გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი მაქვს
ზოგჯერ ენდომეტრიოზი და გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი ერთმანეთში ერევათ და ეს შეიძლება წლები გაგრძელდეს. როცა ენდომეტრიუმის უჯრედები ნაწლავებში იზრდება, გაღიზიანებული ნაწლავის მსგავსი სიმპტომები ჩნდება.
მითი №9 მოზარდებს ენდომეტრიოზი არ აწუხებთ
ყველაზე ხშირად დაავადება 25-40 წლის ქალებში გვხდება. მოზარდებში ამ დიაგნოზის დასმა შეცდომით არ ხდება. გოგოები წლები უცნობი წარმოშობის ტკივილით იტანჯებიან. თუ ენდომეტრიოზზე ეჭვი გაქვთ, ექიმს აუცილებლად მიმართეთ.