საკითხავი
ლოცვა მნიშვნელოვანია, რომ გარდაცვლილი ახლობლის სულზე იზრუნოთ და დანაკარგი გადაიტანოთ
საყვარელი ადამიანის დაკარგვა ყოველთვის დიდი ტკივილია. ამ დანაკარგის შევსება შეუძლებელია. მხოლოდ შეგვიძლია ვილოცოთ, რომ მის სულმა ცათა სასუფეველში ადგილი დაიმკვიდროს. გულწრფელი ლოცვით გარდაცვლილის სულს განკითხვის დღეს ბედის შეცვლაში დაეხმარებით. ამის გაცნობიერება დარდთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.
ლოცვა მიცვალებულთათვის
სულისთვის პირველი ორმოცი დღე ყველაზე რთულია. ის განსაცდელებს გადის. ამ პერიოდში მისი სულისთვის ლოცვას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან სულს სირთულეების გადალახვაში ეხმარება.
როგორ ვილოცოთ გარდაცვლილი სულისთვის 40 დღემდე
გარდაცვალებიდან პირველი ორმოცი დღე წმ. დავით წინასწარმეტყველის „ფსალმუნები“ იკითხება. ყველა ფსალმუნის წაკითხვის შემდეგ, თავიდან წაიკითხეთ. ფსალმუნების წაკითხვა ლოცვით დაიწყეთ:
ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ. დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა. მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი. წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის). დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის. უფალო შეგვიწყალენ (3-გზის). დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.
ღვთისმშობელი ქალწულო, გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამეთუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა. სიტყვისა ღვთისა მსახურთა თანამოსაგრეო, და ანდრიას ქადაგებისა წარმართებაო, ქართველთა განმანათლებელო, და სულისა წმიდისა ქნარო დედაო ნინო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის. ტყვეთა განმათავისუფლებელო, და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო, და მეფეთა უძლეველო, წინამბრძოლო, ღვაწლით შემოსილო დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის. კანონად სარწმუნოებისა, და ხატად სიმშვიდისა, და მოძღვრად მარხვისა გყო შენ ქრისტემან, სამწყსოსა შენისათჳს ჭეშმარიტებით, ამისთ სცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმინდაო მღვდელთმთავარო ნიკოლაოს, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.
ამის შემდეგ პირდაპირ კანონები იკითხება. ზოგიერთი ფსალმუნი მთავრდება „დიდებით“, აქ უნდა თქვათ:
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო (3-ჯერ). უფალო შეგვიწყალენ (3-ჯერ). დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა. უფალო, ყოვლისა მპყრობელო, მეუფეო ძალთაო, მოიხსენე სასუფეველსა შენსა, აცხოვნე, აკურთხე და მართლმადიდებლურ ეკლესიაში გააერთიანე ღვთივდაცული ერი ჩვენი და სრულიად საქართველო, სულით თვისით აღამაღლენ, განაძლიერენ, განამტკიცენ, განამრავლენ, აღავსენ იგი ყოვლითა კეთილითა, შეზღუდე გარემპყრობელობანი მათნი, დაუმორჩილენ ქვეშე ფერხთა მათთა ყოველნი მტერნი და მბრძოლნი მათნი, რათა დაწყნარებული ცხოვრება გვქონდეს, მართლითა სარწმუნოებითა და კეთილმსახურებითა ვცხოვრობდეთ (მეტანია).
აცხოვნე უფალო და შეიწყალენ დიდი მეუფე ჩვენი, უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაჲ ჩვენი ილია, წმიდანი მსოფლიოს მართლმადიდებელნი პატრიარქნი, ყოვლადსამღვდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღვდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი ზიარნი ეკლესიისანი, რომელნი დაადგინენ მწყსად სიტყვიერთა ცხოვართა შენთა ზედა და ლოცვითა მათითა მეცა ცოდვილი შემიწყალე და მაცხოვნე (მეტანია).
აცხოვნე უფალო და შეიწყალენ მონანი და მხევალნი შენნი: (სახელები). განუსვენე ქრისტე ღმერთო, სულთა გარდაცვალებულთა მონათა და მხევალთა შენთა: (სახელები). განუსვენე მათ, სადა იგი მიხედავს ნათელი პირისა შენისა, სადა იგი არ არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა, არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი და მიუტევე მათ ყოველი შეცოდებანი მათნი და მიეც მათ საუკუნო ხსენება (მეტანია). აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოკლე ლოცვა გარდაცვლილი ქრისტიანისათვის
მოიხსენე, უფალო ღმერთო ჩვენო, სავანეთა მათ საუკუნეთა რწმენითა და სასოებითა შენითა აღსრულებული მონაი (მხევალი) შენი (სახელი) და ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან, ცოდვათა მიმტევებელმან და უშჯულოებათა აღმხოცელმან, უძალო-ჰქმენ, მიუტევენ და შეუნდვენ ყოველნი შეცოდებანი მისნი ნებსითნი და უნებლიეთნი. იხსენ, უფალო, იგი სამარადისოისა სატანჯველისა და გეჰენიისა მის ცეცხლისაგან უშრეტისა, ნეტარ-ყავ და თანაზიარ იგი საუკუნეთა მათ კეთილთა შენთა, რომელნი განუმზადენ მოყვარეთა შენთა. დაღაცათუ გცოდა, უფალო, არამედ არა განდგა შენგან, არცა შეორგულდა, არამედ ესავდა სამებასა წმიდასა, მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, და შენ, ერთსა სამებისაგანსა, განკაცებულსა ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა, და ვიდრე უკანაისკნელად აღმოფშვინვამდე მართლმადიდებლობით აღიარებდა სამებასა ერთარსებასა, ვინაიცა მოწყალე ექმენ მას და რწმენაი მისი შენდა მომართ, ვითარცა ღვაწლი დიდი, მიითვალე და მოწყალებითა შენითა წმიდათა შენთა თანა განუსვენე. ამინ.
მშობლის ლოცვა გარდაცვლილი შვილისათვის
უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, მეუფეო ცხორებისა და სიკუდილისაო, ნუგეშინისმცემელო მწუხარეთაო, სალმობიერითა და შემუსვრილითა გულითა შეგივრდები და გევედრები: მოიჴსენე, უფალო, სასუფეველსა შენსა სული მიცვალებულისა მონისა (მხევლისა) შენისა (სახელი) და მიეც მას საუკუნოჲ ჴსენებაჲ. მეუფეო ცხორებისა და სიკუდილისაო, ვითარცა მომეც მე შვილი ესე ყოვლადბრძნითა და სახიერებითა ნებითა შენითა, კუალად ინებე განშორებაჲ მისი ჩემგან. იყავნ სახელი შენი კურთხეულ, უფალო! გევედრები მსაჯულო ცათა და ქუეყანისაო, უსაზღვროჲთა მით კაცთმოყუარებითა შენითა მიუტევე გარდაცვალებულსა შვილსა ჩემსა ყოველნი შეცოდებანი მისნი ნებსითნი და უნებლიეთნი, სიტყჳთნი და საქმითნი, და ჩუენცა, მშობელთა მისთა მოგჳტევენ, მოწყალეო, შეცოდებანი ჩუენნი. უწყით ცოდვათა ჩუენთა სიმრავლე წინაშე შენსა; უწყით, რამეთუ გარდავჴედით მცნებათა შენთა და არა დამცველვექმენით მათ. და უკუეთუ შვილი ჩუენი, ჩუენგან მიცვალებული ჟამსა საწუთოჲსა ცხორებისასა უმეტესღა ზრუნვიდა ამაოჲსათჳს ჴორცისა თჳსისა და არა შენ, უფლისა და ღმრთისა მისისათჳს, უკუეთუ საწუთოჲსა საშუებელნი შეიყუარნა უმეტეს სიტჳსა და მცნებისა შენისა, უკუეთუ მიეცა იგი განცხრომასა და ფუფუნეულსა მას ცხორებასა საწუთოჲსასა და არა შემუსრვილებასა გულისასა ცოდვათა თჳსთათჳს, და უკუეთუ არა თავსმდებ იყო ღამისთევისაჲ, და მარხვისაჲ, და ლოცვისაჲ, გულსმოდგინედ გევედრები: შეუნდვენ, მამაო, ყოვლადსახიერო, შვილსა ჩემსა ყოველნი შეცოდებანი ესევითარნი, შეუნდვენ და აჴოცენ მისგან, უკუეთუ სხუანიცა ბოროტებანი უქმნიან მას საწუთოჲსა ამას შინა. უფალო იესუ ქრისტე, ვითარცა აღადგინე ასული იგი იაროსისაჲ ლოცვითა და სარწმუნოებითა მამისა მისისაჲთა, ანუ განჰკურნე ქალწული იგი ქანაანელისა დედაკაცისაჲ ვედრებითა და სარწმუნოებითა დედისა მისისაჲთა, შეისმინე უკუე ლოცვაჲ ესე ჩემი შვილისა ჩემისათჳს და ნუ უგულებელს-ყოფ მას. შეუნდვენ, უფალო, შეუნდვენ მას ყოველნი შეცოდებანი მისნი, აღმოიყვანე სული მისი სამარადისოჲსა მისგან სატანჯველისა და დაამკჳდრე იგი წმიდათა შენთა თანა, რომელნი საუკუნითგან სათნო გეყვნეს შენ, სადა-იგი არა არს ჭირი, მწუხარებაჲ, არა ურვაჲ, არცა სულთქუმაჲ, არამედ ცხორებაჲ იგი დაუსრულებელი, რამეთუ არა არს კაცი, რომელი ცხოვნდეს და არა ცოდოს, რამეთუ შენ მხოლოჲ ხარ უცხოჲ ყოვლისაგან ცოდვისა. ესმეს შვილსა ჩემსა საშინელსა მას სამსჯავროსა შენსა ყოვლადსაწადელი ჴმაჲ შენი: „მოვედით კურთხეულნო მამისა ჩემისანო და დაიმკჳდრეთ დასაბამითგან სოფლისაჲთ განმზადებული თქუენთჳს სასუფეველი“, რამეთუ შენ ხარ მამაჲ წყალობისა და მოწყალებისა, შენ ხარ ცხორებაჲ და აღდგომაჲ ჩუენი და შენდა დიდებასა აღვავლენთ მამისა და სულისა წმიდისა თანა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
როგორ ავანთოთ სანთელი გარდაცვლილი სულისთვის
სანთელი სულის ზეცაში ასვლის სურვილის სიმბოლოს განასახიერებს. სანთელი ჩვენი რწმენის ცეცხლია. სანთლის დანთება დარდს მოგაშორებთ. მიცვალებულთა მოსახსენებლად ეკლესიაში სპეციალური ადგილია გამოყოფილი. აქვეა დიდი სასანთლე ჯვრით და ბევრი ნახვრეტით, სადაც სულის მოსახსენებლად სანთელი შეგიძლიათ დაანთოთ. თუმცა მათი სულისთვის სანთელი ნებისმიერი ხატის წინ შეგიძლიათ დაანთოთ და ილოცოთ. ეკლესიაში შესვლა მაშინაც შეგიძლიათ, თუ წირვა–ლოცვა არ აღევლინება.
სინათლის ალი დაგეხმარებათ, რომ ლოცვაზე და უფალთან სასაუბროდ კონცენტრირდეთ. სანთლის ფასს და რაოდენობას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, გულწრფელი ლოცვა. თუ არ იცით, როგორ მოიქცეთ, ეკლესიის მსახურს დახმარებისთვის მიმართეთ. ის გეტყვით, სად არის მიცვალებულების კუთხე ეკლესიაში და როგორ გადასცეთ მიცვალებულების სია, რომ სასულიერო პირმა მათი სულებისთვის თქვენს ნაცვლად ილოცოს.