Connect with us

ყვავილები

ვარდის გასხვლა შემოდგომაზე: რატომ და როგორ ჩავატაროთ

ბევრი ჩვენი გატაცება ბავშვობიდან ყალიბდება. ასე მოხდა ჩემს შემთხვევაშიც. მეზობლის დიდებული ვარდების ბაღის შემხედვარე, რომელიც სხვადასხვა სახეობის ვარდით სავსე იყო და საოცარ სურნელს აფრქვევდა, მტკიცედ გადავწყვიტე, რომ როცა გავიზრდები, მეც ასეთი ვარდების ბაღი მექნებოდა.

დეიდა ზინას ბაღში ხშირად ვეხმარებოდი და მისგან ვარდის მოვლის თავისებურებებს ვიგებდი. მისი თქმით, ვარდის გადაჭრა შემოდგომაზე მნიშვნელოვანი პროცესია. ნათქვამს შემდეგ მშობლებს ვუზიარებდი და ჩვენს ეზოში ვარდის დარგვას ვთხოვდი. გავიზარდე და ოცნება ავიხდინე. ახლა საკუთარი ბაღი მაქვს. Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რატომ და როგორ უნდა გასხლათ ვარდი შემოდგომაზე.

გადაჭრის მნიშვნელობა

დიდი და პატარა ტოტების მოჭრის შემდეგ ვარდის იმუნიტეტი ძლიერდება და ზამთარს ადვილად გადაიტანს. ასე ბუჩქი უკეთ ნიავდება და მზის სინათლეს კარგად ატარებს. სოკოს განვითარების რისკი მცირდება. გადაჭრილ ვარდს უკეთ შეფუთავთ. გაზაფხულზე ახალ ყლორტებს და ბევრ კოკრებს მიიღებთ.

ვარდის გადაჭრის დრო

ღამით ყინვების დაწყებამდე გადაჭერით. თუ ძალიან ადრე გასხლავთ, მცენარე ახალ ყლორტებს გამოიღებს, რაც კიდევ უფრო დაასუსტებს. გადაჭრის დრო: ოქტომბრის ბოლოდან ნოემბრის ბოლომდე ამინდის პროგნოზის გათვალისწინებით. მზიანი დღე აირჩიეთ.

ვარდის წარმატებულად გადაჭრის წესები

  1. ბასრი ინსტრუმენტი. ბაღის მაკრატელი ან ბასრი დანა გამოიყენეთ. ბლაგვი ინსტრუმენტი მცენარეს აზიანებს და შეიძლება დაიღუპოს.
  2. გადაჭრის ტექნოლოგია. ტოტები მძინარე კვირტებიდან 0,5 სმ-ს ზემოთ  45 გრადუსიანი დახრილი კუთხით გადაჭერით.
  3. გადაჭრილი ტოტების რაოდენობა. მხოლოდ იმდენი გადაჭერით, რამდენიც საჭიროა. თეთრი შუაგულის დანახვისთანავე შეჩერდით.ხმელი და დაზიანებული ტოტები მთლიანად მოაშორეთ. მხოლოდ ჯანმრთელი ყლორტები (4-5 ცალი) დატოვეთ. დანარჩენი შეიძლება ლპობის და მცენარის დასუსტების მიზეზი გახდეს. გადაჭრის შემდეგ ნახშირით დაამუშავეთ.

ვარდის სწორად გადაჭრის მეთოდები

ვარდის ქაოსურმა გადაჭრმა შეიძლება მეტი ზიანი მოგაყენოთ, ვიდრე სარგებელი. საკითხს სერიოზულად მიუდექით. გადაჭრის მეთოდი ვარდის სახეობიდან გამომდინარე აირჩიეთ.

  • საშუალო გასხვლა. ამ მეთოდს ხშირად იყენებენ, რადგან თითქმის ყველა სახეობის ვარდზე გამოიყენება, პარკის და ინგლისური ვარდის გარდა. ტოტები 35-40 სმ–მდე შეამცირეთ. მხოლოდ 5 ცალი კვირტი უნდა დარჩეს.
  • წაგრძელებული გასხვლა, ანუ ტოტების მცირედით დამოკლება. ასე ნაადრევი ყვავილობით დატკბობას შეძლებთ. მაგრამ ორწლიანი წაგრძელებული გასხვლის შემდეგ ყვავილობა შემცირდება.
  • კარდინალური ან მოკლე გასხვლა თითქმის ბოლომდე გადაჭრას გულისხმობს. ასე ყვავილის იმუნიტეტი ძლიერ სუსტდება. მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში, მაგალითად, ფორმის მისაცემად გამოიყენეთ.

ვარდი მომავალ წელს დიდებულად რომ აყვავილდეს, დაიცავით შემდეგი წესები:

  1. ბუჩქს ყველა ფოთოლი მოაშორეთ.
  2. ყველა თხელი ტოტი მოაჭერით.
  3. 3 წელზე მეტი ხნის და ხმელი ტოტები მოაჭერით.
  4. 4-5 მთავარი ყლორტი დატოვეთ, რომელზეც 4-5 კვირტი იქნება. დანარჩენი ბასრი კუთხით გადაჭერით.

გასხვლის დასრულებისთანავე შეფუთეთ. გაზაფხულზე ვარდი ძალებით გაივსება და კვლავ ჯადოსნური ყვავილებით ბაღს გაალამაზებს.