კულინარია
ბებიის სამზარეულოს ხრიკები: როგორ არ „დავიწვათ“ სამზარეულოში
ამ ხრიკების დახმარებით სამზარეულოში ყოველდღიური საქმიანობა გაგიმარტივდებათ.
1. ყველი რომ არ გახმეს, მარილიან წყალში დასველებულ სუფთა ქსოვილში გაახვიეთ.
2. სახეხს, რომელზეც ყველის გახეხვას აპირებთ, მცენარეული ზეთი წაუსვით. ასე ყველი სახეხს არ მიეკვრება და მისი გარეცხვა გაგიმარტივდებათ.
3. ქვაბში თუშვის დროს ტოლმა რომ არ დაგეწვათ, ქვაბის ძირში მის დიამეტრზე პატარა ზომის თავსახური დადეთ, ზემოდან კომბოსტოს ფოთლები დააფარეთ, მის ზემოთ კი ტოლმა მოათავსეთ.
4. კომბოსტოს ხარშვის დროს ქვაბში პურის ნაჭერი ჩადეთ, ასე პური უსიამოვნო სუნს შეიწოვს.
5. შინაურული ლაფშით მომზადებული წვნიანი მღვრიე რომ არ გამოვიდეს, ლაფშა 1 წუთით ცხელ წყალში მოათავსეთ და საწურზე გადაიტანეთ, ამის შემდეგ ბულიონს დაუმატეთ და მომზადებამდე ხარშეთ. ასეთი რჩევა ბრინჯის წვნიანის დროსაც გამოგადგებათ: გარეცხილი ბრინჯი 3-5 წუთით მდუღარე წყალში მოათავსეთ, შემდეგ საწურზე გადაიტანეთ და ამის შემდეგ ბულიონს დაუმატეთ.
6. თუ კვერცხს ძალიან ძლიერ ცეცხლზე შეწვავთ, ცილა მყარი, ხოლო გული რბილი გახდება. თუ სუსტ ცეცხლზე შეწვავთ, გული მყარი, ხოლო ცილა ფხვიერი იქნება. სწორედ ამიტომ, კვერცხი ზომიერ ცეცხლზე შეწვით.
7. თუ მხოლოდ ცილა გჭირდებათ, ხოლო კვერცხის გულის რამდენიმე დღით შენახვა გსურთ, კვერცხი ორივე მხრიდან ნემსით გახვრიტეთ – ასე ცილას გამოიღებთ, ხოლო გული ნაჭუჭში დარჩება.
8. თუ მინის ქილის კონსერვის გახსნას ვერ ახერხებთ, თბილ წყალში თავსახურით ქვემოთ რამდენიმე წუთით ჩადგით. ამის შემდეგ ქილის გახსნას მარტივად შეძლებთ.
9. მინერალური წყლით სავსე ბოთლი სჯობს კარგად შეფუთული, გადაბრუნებული სახით შეინახოთ. წყალი გაზს დიდხანს შეინარჩუნებს.