ყვავილები
ბებია ყოველთვის ამბობდა, რომ როცა ნივრის ამოთხრის დრო მოვა, მიხვდები. ერთგული ნიშანი არსებობს
ძირითადად, მებოსტნეები ზრდიან 2 სახის ნიორს: საშემოდგომოს და საგაზაფხულოს. პირველ ვარიანტს ზამთრისთვის რგავენ, მეორეს – გაზაფხულზე. დამწყები ფერმერები ინტერესდებიან, როდის უნდა ამოთხარონ სხვადასხვა დროს დარგული ნიორი.
როდის ამოთხაროთ ნიორი
საშემოდგომო ნიორი ირგვება შემოდგომაზე პირველ ყინვამდე, როცა ბოსტნიდან მთელი მოსავალი უკვე აღებულია. მისთვის არჩევენ შესაფერის ადგილს, თოხნიან და რჩეულ კბილებს მიწაში რგავენ. გაზაფხულზე, თოვლის დნობის შემდეგ, პირველი ყლორტები იზრდება. ზაფხულში საშემოდგომო ნიორი იწყებს ჩოყის, მომავალი ყვავილედის ფორმირებას. როცა ჩოყები იგრიხება, მათ ძირთან ახლოს ჭრიან. ეს კეთდება იმისთვის, რომ ბოსტნეულმა ყვავილობაზე და თესლის ფორმირებაზე ძალა არ დახარჯოს და სასარგებლო ელემენტები თავში დაგროვდეს.
ახალი ჩოყები ძალიან გემრიელია, მაგრამ გამოცდილი ფერმერები გირჩევენ, რომ ნაკვეთის სხვადასხვა ნაწილში თითო ყვავილედი დატოვოთ. მისი დახმარებით ბოსტნეულის სიმწიფის დონეს და მოსავლის აღების დროს განსაზღვრავთ. თუ ჩოყი ამოიწვერა და გასწორდა, ნივრის ამოთხრის დროა!
ზოგიერთი მებოსტნე თესლის გახსნას ელოდება, მაგრამ ეს ნივრის ამოსათხრელად აუცილებელი პირობა არაა. ღეროებზე ქვედა ფოთლების მდგომარეობით შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ: ფოთლების მეოთხედი ნაწილის გახმობა ნიშანია, რომ ბოსტნეული შეგიძლიათ აიღოთ.
ჩოყებზე ყველაფერი ნათელია. რა ვუყოთ ნიორს, რომელიც არ ყვავილობს და ჩოყებს არ ავითარებს? ამ შემთხვევაში ფოთლების ფერს დააკვირდით. თუ გაყვითლდა და ხმობა დაიწყო, ბოსტნეულის ამოთხრა არ დააგვიანოთ.
ნივრის მოვლა
საგაზაფხულო ნივრის დარგვა ნაადრევ გაზაფხულზე მიღებულია. ზომიერი კლიმატის პირობებში, სადაც ძლიერი ყინვა არაა, ზოგიერთი მებოსტნე ნივრის კბილებს ზამთარში რგავს. ეს ნაადრევ გაზაფხულზე ბოსტნეულის სწრაფად გაღვივებას ხელს უწყობს. გახსოვდეთ, რომ ასეთი ნიორი ძლიერ ყინვას ვერ გაუძლებს. ჩვეულებრივ, საგაზაფხულო ნიორი ჩოყებს არ ავითარებს და არ ყვავილობს. მისი სიმწიფის ხარისხი მცენარის მდგომარეობით განისაზღვრება. კერძოდ, ფოთლების მასიურად გაყვითლება ნიშანია, რომ მოსავალი შეგიძლიათ აიღოთ.
ჩვეულებრივ, ნივრის მომწიფების პროცესი ივლისში სრულდება. ადრე ხელმძღვანელობდნენ პეტრე–პავლობის დღესასწაულით, რომელსაც უძრავი თარიღი აქვს, 12 ივლისი. ნიორს დღესასწაულის წინა დღეს ან მისი დასრულების შემდეგ თხრიდნენ.
კლიმატი თანდათან იცვლება და ამინდის პირობები განსხვავებული შეიძლება იყოს. სწორედ ამიტომ, მოსავლის აღებისას მიწაში ნივრის თავების მდგომარეობას დააკვირდით. მაღალი ტენიანობის დროს ბოსტნეულმა ლპობა შეიძლება დაიწყოს.
ასეთ პირობებში ნივრის ამოთხრა არ დააგვიანოთ, რომ გაფუჭება თავიდან აიცილოთ. ზოგჯერ ივლისის დასაწყისში ნივრის ამოთხრა გვიწევს, რომ მოსავალი მაქსიმალურად შევინარჩუნოთ. მცენარეს დააკვირდით. თავად მიგანიშნებთ, რომ მისი აღების დროა.
ნიორი თავის დაუზიანებლად რომ ამოთხაროთ, ნიჩაბი გამოიყენეთ. ასე ბოსტნეულს უკეთ შეინარჩუნებთ. მცენარის ფესვები მიწისგან ოდნავ ჩამობერტყეთ. თუ მიწა ნივრის თავებს ძლიერ მიეკრა, ჭუჭყი გამდინარე წყლით მოაშორეთ. ნივრის დიდხანს ჩალბობა არ შეიძლება.
შეგროვებული ნიორი შეკარით და კარგად განიავებულ, მზისა და ქარისგან დაცულ ადგილას თავებით ქვემოთ დაკიდეთ. რამდენიმე დღეში მთელი მოსავალი გადაიტანეთ სხვენში, რომ თავები საბოლოოდ გამოშრეს. როცა ღეროები და ფოთლები სრულად გახმება, აუცილებლად მოაჭერით. ამის შემდეგ ნიორი დაახარისხეთ. მომავალ სეზონზე დასარგავად ნივრის თავები ცალკე შეინახეთ, დანარჩენი საკვებად მოსახმარად ტომრებში ჩაყარეთ.